შვეიცარიის ელჩი: ვიმედოვნებთ, რომ პარტიები მოძებნიან კომპრომისს დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებლად

საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი გამოსავალი შეესაბამება ყველაზე მეტად საქართველოსა და მისი მოსახლეობის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის მნიშვნელოვანია ერთმანეთთან დაახლოება. მედიატორებსა და ფასილიტატორებს შეუძლიათ ამ პროცესის მხარდაჭერა, მაგრამ პროცესი უნდა ეფუძნებოდეს დიალოგს, ერთმანეთის პატივისცემას, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშის თანაცხოვრების პატივისცემას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური პარტიები მოძებნიან პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს. გადაწყვეტა უნდა იყოს ქვეყნის შიგნით. საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი გამოსავალი შეესაბამება ყველაზე უკეთესად საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. შვეიცარია, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ქვეყანა, დაინტერესებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ფოკუსირებული იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტაზე“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.