ირაკლი კობახიძე – ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით – „წითელ ხაზებზე“, „ყვითელ ხაზებზე“ თუ „ლურჯ ხაზებზე“ ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას

„ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება, გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვეძლება გავაკეთოთ უკვე კომენტარები, მანამდე არც ერთ დეტალთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთდება. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. რა თქმა უნდა, განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ, ეს არის ჩვენი პოზიცია და გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“ იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით ჩვენი საზოგადოების წინაშე და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. პოზიციებს სჭირდება დაახლოება იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და ასეთი დაახლოებისთვის ჩვენ გვაკათებთ ყველაფერს, რაც შეესაბამება ჩვენს სამართლებრივ პრინციპებს და რაც შეესაბამება სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სამართლიანობის პრინციპებს. იქ იყო საუბარი „წითელ ხაზებზე“, „ყვითელ ხაზებზე“ თუ „ლურჯ ხაზებზე“, ამაზეც ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, იმიტომ, რომ ესეც არის დიალოგის დეტალები,“- განაცხადა კობახიძემ.