სალომე სამადაშვილი: ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელს გახდის მხარეებს შორის რაიმე შეთანხების მიღწევას

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც საერთოდ შესაძლებელს გახდის მხარეებს შორის რაიმე შეთანხების მიღწევას, – მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ეს არის ნდობის აღდგენის მექანიზმი. „გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებამ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, ქვეყანა მიიყვანა კრიზისამდე, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ ნდობის შექმნა მხარეებს შორის, რომელიც აუცილებელი იყო ამ კრიზისის განსამუხტად. ამიტომ გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან, რადგან ეს იყო პირობა, რომელიც გასცა ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმების ფარგლები. ნიკა მელია კი ცხადია უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.