იენს სტოლტენბერგი – ჩვენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ

ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ, ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, ნატო 2030-ის სტრატეგიაში რა როლი აქვს საქართველოს, განსაკუთრებით როდესაც რეგიონში შეცვლილია რეალობა, საგულისხმოა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და რუსეთის მზარდ გავლენა, როგორც ფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს, საქართველოს ნატო-სთან უფრო მეტად ინტეგრაციას, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა ნამდვილად ღირებულია.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები. გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები ამ მკაფიო გზავნილს უერთდებიან. ასევე მოვუწოდებ ნატო-ს წევრებს პრაქტიკული დახმარება გაწიონ საქართველოს. გვჯერა, რომ საქართველო კვლავ უნდა იყოს ფოკუსირებული რეფორმებზე, იმ დროს, როდესაც საქართველო კვლავ წინ მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატო-ს წევრები მხარს უჭერენ საქართვლოს ამ გზაზე. ეს ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე. ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ. ამიტომაც ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.