საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა და ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე ტყემალაძემ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 42 ხმით გაიმარჯვა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა, რის მიზეზადაც დასახელდა ის, რომ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა ეს საკითხი ყრილობის დღის წესრიგში არ ყოფილა. მოგვიანებით საჯარო რეესტრში განმარტეს, რომ რაგბის კავშირის თავმჯდომარის სარეგისტრაციო წარმოება წესდებასთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ დასრულდება.