გია ვოლსკი – ოპოზიციის ულტიმატუმია: ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს”, აღიაროს, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ, არჩევნები კი იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე სააკაშვილი ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს

არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს” და აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ აირჩევენ და ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს – ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი არ დგას, – აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე თანამდებობების გადანაწილების თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა.

“ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყველა ხედავს რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის დროშით რაღაც აქციებს შეუერთდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. დაფიქრდნენ იმ დამოკიდებულებაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პროცესის მიმართ გააჩნიათ. ვინც ამას სიღრმისეულად გაანალიზებს, ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციას უჭრეს მხარს, აქციაში მონაწილეობას გადაიფიქრებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.