გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი – ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიღების შემდეგ, საქმეში ალტერნატიულ ექსპერტებს ჩავრთავთ

ოჯახის პოზიციაა, რომ სიმართლე გაირკვეს და ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, აუცილებლად დავადგენთ რატომ გარდაიცვალა მეგი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება ოპერატიულად მუშაობს, ოჯახი კი საქმეში ალტერნატიული ექსპერტების ჩართვას გეგმავს.

„პროკურატურასთან გვაქვს კომუნიკაცია. მათი ინფორმაციით, სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობებით, რომ მოხდეს სამედიცინო ისტორიისა და დოკუმენტაციის ამოღება ახალციხიდან. ასევე, იმუნოლოგიის ცენტრში ინახება სისხლის ნიმუში, რომელზეც ჩვენც უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა. გამოძიებას შევატყობინეთ, რომ ეს ნიმუში ინახებოდა. გამოძიებამ განჩინება გაამზადა ამ ნიმუშის ამოსაღებად. სისხლის ნიმუში გადაგზავნილია სიცოცხლის პერიოდში“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახის ინტერესია, რომ დადგინდეს ყველა ფაქტი, ყველა პროცესს მიადევნოს თვალ-ყური და ობიექტური გამოძიებით გაირკვეს სიმართლე.

„ეს არ არის მოთხოვნა, ეს გამოძიების საქმეა, რომ ობიექტური ძიება ჩაატაროს და პროკურატურიდანაც იგრძნობა ინტერესი. საგამოძიებო უწყება საკმაოდ ოპერატიულად მოქმედებს. დღეს დაგვპირდნენ, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს მიანიჭებენ ოჯახის წევრს, რის შემდეგაც შეგვეძლება, რომ საგამოძიებო მოქმედებებში ჩავერთოთ და შევისწავლოთ საქმის მასალები, რათა მეტი ინფორმაცია გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა.

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას მივიღებთ, საქმეში ალტერნატიულ ექსპერტებს ჩავრთავთ და ისინი შეისწავლიან საქმეს.

როგორც წესი, დასკვნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ხოლმე. შეიძლება, ერთ თვემდეც კი გაიწელოს, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, იმედი გვაქვს, რომ ექსპერტიზის ბიუროც ოპერატიულობას გამოიჩენს ამ საკითხთან მიმართებაში და ექსპერტიზის დასკვნა მომზადდება უმოკლეს ვადებში, რადგან ეს, ერთის მხრივ, ოჯახის ინტერესს ეხება, მეორეს მხრივ, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. რაც შეეხება გამოძიების კვალიფიკაციას, ჯერ ამის შეფასება ნაადრევია. ჯერ უნდა გაირკვეს ფაქტები, როგორ ჩატარდა იმუნიზაციის პროცედურები, იყო თუ არა პროტოკოლი დაცული. თუ აღმოჩნდება, რომ არ იყო დაცული, აღმოჩნდება რომ გამოძიების კვალიფიკაციაც სწორია. თუ სხვა გარემოებები გამოჩნდება საქმეში, გამოძიებაც შეცვლის კვალიფიკაციას და ჩვენც მივუთითებთ ამის შესახებ”, – განაცხადა ადვოკატმა.