თეა გოდოლაძე – მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს.

გოდოლაძის განმარტებით, მეწყრის სიღრმე დაახლოებით 18 მეტრს შეადგენს.

გოდოლაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი არ უნდა გაიმართოს.

„ახლა ის ნელა მოძრაობს. ანუ, სისტემა დაძრულია და მოძრაობს 5 სანტიმეტრით დღეში. ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს არ არის ცოტა და აუცილებელია ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. როდესაც ჩვენ ბუნებრივ საფრთხეს ვზომავთ, ყოველთვის განვიხილავთ არა შესაძლო საფრთხეს, არამედ უარეს საფრთხეს. ანუ, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის. ყველა სცენარი გვინდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ პასუხისმგებელი ვიყოთ მოსახლეობასთან და ქვეყანასთან. შესაბამისად, რიცხობრივად გამოსახული სიდიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის 5 სანტიმეტრი დღეში. დღეს, ჩვენ გადავდივართ უკვე აჩქარების გაზომვაზე, იქნებ დავდოთ პირველი შედეგები. ეკოლოგებთან გვქონდა ინტენსიური კონსულტაცია, გაგვიწიეს გარკვეული კონსულტაციები, როგორ ვმართოთ ეს პროცესი ისე, რომ ნაკლებად დავზარალდეთ. აუცილებელია აჩქარება ყოველდღიურად გაიზომოს.

ყველას ვეუბნებით, რომ გაჩერდით, არ იმოძრაონ, მანქანებმა ნაკლებად იმოძრაონ და ტერიტორია ქვემოთ საერთოდ უნდა მოსუფთავდეს. ეს არის პირველი რეკომენდაცია, რაც ახლა ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მოგვცეს. ქვემოთა ნაწილი საერთოდ უნდა მოსუფთავდეს, რადგანაც მოძრავი მასის უცაბედი დაძვრა რომ დაიწყოს, აუცილებელია წინა ნაწილი ყოველთვის თავისუფალი იყოს. იქ, ახლა ისეთი მდგომარეობაა, ნებისმიერი ვიბრაცია არის პრობლემა… ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა. ქრესტომათიაა, რომ მეწყერზე არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ უნდა განვითარდეს. ოთხ დღეში 25 სანტიმეტრი არის გაწეული, აღარაფრის დრო არ არის, აქ ვართ, გავდივართ ველზე. ვთხოვთ გერმანელ კოლეგებს, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ველით“, – განაცხადა გოდოლაძემ.

ამასთან, თეა გოდოლაძის განცხადებით, მეწყრის მონიტორინგისთვის ლიმიტირებული რესურსი გააჩნიათ.

„გვაქვს ამ აპარატურის ნაწილი, მაგრამ ეს არ გვაძლევს სრული სურათის დანახვის საშუალებას. შესაბამისად, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. პირველი, რაც გავაკეთეთ ხუთშაბათისა და გუშინდელი ნამუშევრის შედარებითი ანალიზია, რომელიც პირველადი შეფასებების საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.