“ნაციონალური მოძრაობის” და მისი აშკარა თუ ფარული მხარდამჭერების უკანასკნელი აფიორა”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

ყველას მოგეხსენებათ, რომ კვირას, 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური, რომელმაც უნდა გამოავლინოს ახალი პარლამენტის წევრები. 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, 73 მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ 23 კანდიდატმა შეძლო 50% იანი ბარიერის დაძლევა და დეპუტატის მანდატის მოპოვება, ყველა მათგანი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელია.

პროპორციულ (პარტიული სია) არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” 44 დეპუტატის მანდატი გაინაღდა, ხოლო მეორე ადგილზე გასული “ნაცმოძრაობის” მაჩვენებელი 27 მანდატია (მესამე ადგილზე გასულ “პატრიტთა ალიანსს” 6 მანდატი აქვს).

მეორე ტურის წინ, ნაწილობრივ არჩეული პარლამენტის პარტიული შემადგენლობა ამგვარად გამოიყურება: “ქართული ოცნება” – 67 მანდატი (44 პროპორციულს + 23 მაჟორიტარი), “ნაცმოძი” – 27 მანდატი პროპორციული სიით (მაჟორიტარი არცერთი!) და “პატრიოტთა ალიანსი” – 6 მანდატი. ასე რომ, ჯერჯერობით 100 სადეპუტატო მანდატია განაწილებული. დარჩენილ 50 მაჟორიტარულ ოლქში, “ქართული ოცნების” და ნაცმოძის” წარმომადგენლები ერთმანეთს უპირისპირდებიან 44 ოლქში. გარდა ამისა, “ნაცმოძრაობის” წევრი ნ.რურუა და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქში “გაარკვევენ ურთიერთობას”, ხოლო ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ც.ჩოჩელი, ასევე იბრძვის მცხეთის ოლქში, ანუ რურუაც და ჩოჩელიც ზემოთ ნახსენებ 44 “ნაცმოძის” კანდიდატს შორის უნდა ვიგულისხმოთ (44 + 2 = 46). მიხვდით ალბათ, თუ რაზე მიგანიშნებთ?! მოკლედ (ჰიპოტეტურად), თუ არჩევნების მეორე ტურში ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა 46 მაჟორიტარულ ოლქში დაამარცხეს “ქართული ოცნების” კანდიდატები, მაშინ “ნაცმოძრაობას” პარლამენტში ექნება 73 მანდატი (27 + 46 = 73), ანუ “ქართულ ოცნებაზე” 2 მანდატით მეტი, რადგანაც დარჩენილ 4 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” ჯამში ექნება მხოლოდ 71 მანდატი (67 + 4 = 71). დაუმატეთ ამ ორი პარტიის მაჩვენებელს “პატრიოტთა ალიანსის” 6 მანდატი და მივიღებთ პარლამენტის სრულ (150 დეპუტატი) შემადგენლობას!..

უკაცრავად, მაგრამ ამდენი არითმეტიკით იმიტომ შეგაწუხეთ, რომ მე მართლაც ძალიან შევწუხდი “ნაცმოძის” და მისი სატელიტების უნიჭო და თაღლითური გზავნილით, რომლითაც უნდათ მეორე ტურის წინ დააბნიონ საქართველოს ამომრჩევლები!.. მხედველობაში მაქვს, მეორე ტურის წინ წარმოებული მომაბეზრებელი და აფერისტული საარჩევნო კამპანია, რომელსაც ეწევა “ნაცმოძი” და მისი სხვადასხვა ჯურის მხარდამჭერები (“მიმართვებით და მოწოდებებით”). შემდეგი “შინაარსის”, – არიქა, თუ “ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, მაშინ ხელისუფლების უზურპაციას მოახდენს და ქართული დემოკრატია “დაიღუპებაო”! ამიტომო, განაგრძობენ ისინი, საჭიროა, რომ 30 ოქტომბერს, ქართველმა ამომრჩეველმა მაჟორიტარულ მეორე ტურში, – “ნაცმოძრაობის” კანდიდატებს მისცეს ხმაო!.. თავად განსაზღვრეთ, როგორი “ეშმაკუნები” არიან, ეს ბატონები და ქალბატონები (“გამარჯვების მოპარვა სწადიათ” – 73 მანდატი!), დიახ, “ნაცმოძი” თავისას არ იშლის და თავის აშკარა თუ ფარულ მხარდამჭერებთან ერთად უკანასკნელ აფიორაზე მიდის!..

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა სწორ, სამართლიან არჩევანს გააკეთებს!.. ფხიზლად, ქართველებო, 30 ოქტომბერს “ნაცების” დაგებულ ხაფანგში არ გაეხვეთ, მათ ანკესზე არ წამოეგოთ, თორემ, საქართველოს პარლამენტში მივიღებთ იმ სურათს, რაზედაც ზემოთ გიამბეთ!!!…

კომენტარის დატოვება