დავით ზილფიმიანი – კიდევ ორი-სამი თვე დავაცადოთ, საზოგადოება ბრძენია, აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად შეიცვლება პოლიტიკური ისტაბლიშმენტი

კიდევ ორი-სამი თვე დავაცადოთ, საზოგადოება ბრძენია, აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად შეიცვლება პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა „ენდიაის“ კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის ჩატარების პერიოდში პარლამენტში ოპოზიცია ახალი ფორმირებული იყო და რეალობის შესაფასებლად საჭიროა გარკვეული პერიოდი კიდევ გავიდეს.

„კვლევის შედეგები გვიღვივებს იმის აღქმას, რომ ეს ყველაფერი მზადდება ე.წ. მესამე ბირთვისთვის. ადრე ამბობდნენ, რომ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ, მაგრამ არ თქვეს, ეს უკვე გამოირიცხა. დღეს უკვე ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას, დასამალი აღარაფერი აქვს, ვინც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, აღარც იმას აქვს დასამალი. ეს კარგი ტენდენციაა. ვნახოთ, მარტში და აპრილში რა ტენდენცია წავა. თებერვლისთვის პარლამენტში ოპოზიციის ფორმირებიდან სულ ერთი თვეც არ იყო გასული. კიდევ ორი-სამი თვე დავაცადოთ. საზოგადოება ბრძენია, აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად შეიცვლება პოლიტიკური ისტაბლიშმენტი“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

რაც შეეხება კვლევაში საკანონმდებლო ორგანოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ნაწილს, ზილფიმიანმა განაცხადა, რომ საზოგადოებას პარლამენტის მიმართ ავტორიტეტი დაკარგული აქვს.

„პარლამენტთან დაკავშირებით საზოგადოების გრძნობებს ვიზიარებ. რამდენჯერ შეიძლება გავაკრიტიკოთ წინა მოწვევის პარლამენტები. საერთოდ, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პარლამენტად აღქმას არ ვაპირებ და არც არვინ აპირებს. მოსახლეობაში იმდენად დაკარგული აქვს ავტორიტეტი პარლამენტარიზმს, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გამოსწორდება. რაც ჩვენ და ელისაშვილმა გავაკეთეთ ამ ორ თვეში, მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთელი 4 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი გაკეთებულა“, – განაცხადა ზილფიმიანმა.