ირაკლი ზარქუა – სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც – ამერიკელმა სენატორებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ მათი ადგილი პარლამენტშია, – ამის შეასხებ პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მესიჯები სენატორებისაგან ნიშნავდა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია

„სენატში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სენატში დებატებისას მმართველ პარტიას აუწევდნენ ყურს. სინამდვილეში, გაკეთდა მნიშვნელოვანი მესიჯები. პირველი, ეს არის ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების”  ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსიდან არასდროს გადაუხვევია. უფრო მეტიც, რეფორმებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან. მეორე მნიშვნელოვანი მესიჯი სენატორებისაგან იმის ხაზგასმა იყო, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არა ჰყავს. ითქვა, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია და შესაბამისად, ზის ციხეში. ყველაზე მთავარია ის, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და დიალოგი არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებთ, იქნებ კომპრომისულ ვარიანტზე ჩამოყალიბდნენ და მოიფიქრონ, როგორ აპირებენ გაგრძელებას”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.