მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გარდა, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა

ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გარდა, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, სენატში გაკეთებული განცხადებების შემდეგ მისთვის გაუგებარია, რატომ იკავებენ თავს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლისგან.

„ვინ მიიღებს პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებას, ეს მათზეა დამოკიდებული. პროგნოზი ძნელი გასაკეთებელია, რადგან როცა სენატში ასეთი განცხადებები გაკეთდა, ჩემთვის აუხსნელია, რატომ იკავებენ თავს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლისგან. არგუმენტები, რომლებიც სახელდება, რომ რეპუტაციული ზიანის მატარებელია თუ ელექტორალური, არ ვიცი, ეს ჩემთვის გასაგები არ არის. არჩევნები არ გაყალბებულა, ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გარდა. ასეთ ფონზე განცხადება, რომ პარლამენტში არ შევდივარ, უარგუმენტოა. სწორ-უსწოროზე არ არის საუბარი, აღარ არსებობს არგუმენტი და ეს ფორმალურადაც კი არ სახელდება.

დარწმუნებული ვარ, განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, ოპოზიციის მხრიდან იოტისოდენა პასუხისმგებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი, განაპირობებს იმას, რომ მათ უბრალოდ მოუწევთ შეცვალონ დამოკიდებულება მოლაპარაკებებთან მიმართებაში და ხელმეორედ არ უნდა ვიხილოთ დასრულებული მოლაპარაკება, რომლის შემდეგაც რომელიმე პოლიტიკოსი იტყვის, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაზეც წამსვლელები იყვნენ, ეს იყო, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. ასევე მიუღებელი იქნება ულტიმატუმი – თუ ამ ორ საკითხზე დათმობა არ იქნება, აღარ გელაპარაკებით, მსგავსი მიდგომა გამორიცხული იქნება. ან ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთი არგუმენტი გვექნება იმის სათქმელად, ამ ხალხს სურვილი აქვს, მოლაპარაკება ჩაიშალოს და რაც ამერიკაში ითქვა, ეს არის რუსული საქმის სამსახური, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება ამ გარემოების“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.