თინა ბოკუჩავა – სენატში მოსმენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-სთვის საქართველო და მისი წარმატება ევროატლანტიკურ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია

მოწოდებები ორივე მხარეს იყო, თუმცაღა ნიშანდობლივია ის, რომ სენატორი რიშის განცხადებებში ცალსახად, მკაფიოდ იკვეთებოდა, რომ უდიდესი წილი პასუხისმგებლობის, ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის და შეთანხმების მიღწევის, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე და ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის სენატში გაკეთებული განცხადებებიდან ყურადსაღები იყო სენატორ შაჰინის განცხადებებიც, რომ ნებისმიერი დღე, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები ატარებენ ციხეში, რუსეთისთვის გამარჯვებაა.

ამასთან, როგორც ბოკუჩავა აცხადებს, მოსმენებზე კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო და მისი წარმატება ევროატლანტიკური გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასევე ძალიან ყურადსაღები იყო სენატორ შაჰინის განცხადებები, რომ ნებისმიერი დღე, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები ატარებენ ციხეში, არის გამარჯვება რუსეთისთვის. ასევე მისი განცხადება, რომ ლეგიტიმაციის ზღურბლის გადალახვა არჩევნებისთვის არ არის საკმარისი, რომ ის დემოკრატიულად შევაფასოთ. ასევე სენატორ რიშის კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ჩაიდოს პირობები იმ ფინანსურ დახმარებაში, რასაც საქართველო იღებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. დაბოლოს, სენატორი ჯონსონის განცხადება ერთობლივი რეზოლუციის შესახებ, რომელსაც მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი.

მოსმენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო და მისი წარმატება იმ ევროატლანტიკური გზაზე, რომელსაც ადგას ბოლო წლების განმავლობაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს რა თქმა, უნდა იმედისმომცემია და მიგვანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს კრიზისი, დემოკრატიული კრიზისი, რომელიც ახლა საქართველოშია, დაიძლიოს და ქვეყანამ გააგრძელოს სვლა სწორედ ამ ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სენატორმა, ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი ისწრაფვის არეულობისა და ქაოსისკენ და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრი ზის ციხეში, არის რუსეთის გამარჯვება.