გარდაცვლილი ექთნის ბიძა – კლინიკაში ჯანმრთელი მივიდა, ნემსი გაუკეთეს და მიგვაჩნია, რომ ეს მკვლელობაა

ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ბიძა ტარიელ ბაქრაძე აცხადებს, რომ ოჯახის მოთხოვნა გამჭვირვალე გამოძიება და საქმეზე სიმართლის დადგენაა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტარიელ ბაქრაძემ განაცხადა, რომ საავადმყოფოში გამართული არ იყო პროცესი, რაც უნდა ჩატარებულიყო ვაქცინაციისას.

„ქუჩაში რომ დამართნოდა ეს ამბავი, სხვა რამეა, მაგრამ საავადმყოფოში ეს არ უნდა მომხდარიყო. იმდენი ექიმი იყო, იმდენი საშუალება. რა თქმა უნდა, ვიღაც იყო დამნაშავე, ეს შედეგი რომ დადგა. სწორად რომ ყოფილიყო წარმართული ყველაფერი, არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი.

ცოცხალი იყო, ჯანმრთელი მივიდა, ნემსი გაუკეთეს, ესე იგი, მოკლეს – ესაა ჩვენი პოზიცია. მედიცინის ენით ეს როგორ აიხსნება, არ გვაინტერესებს, ამას ვთვლით მკვლელობად. რომ არ გაეკეთებინა ეს ნემსი, არაფერი მოუვიდოდა. რადგან გაუკეთეს, ვთვლით, ეს მკვლელობაა. სავარაუდოდ, დაგვიანებით გაუკეთეს ადრენალინი ან საერთოდ არ გაუკეთეს. კატეგორიულად ამას ვერ ვიტყვით.

ალერგიული ფონი რომ დაეწყო, რეანიმატოლოგი არ იყო ადგილზე. როგორც გვითხრა, გუბერნიაში იყო გასული. მე ვფიქრობ, გული რომ გაჩერდა, უმცროსმა ექიმმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება და რომ ვერ გამოასწორა, დარეკა რეანიმატოლოგთან. სავარაუდოდ, ამ ყველაფერში სადღაც რვა წუთი მაინც დაიკარგა“, – განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.