არჩილ თალაკვაძე –  მმართველი გუნდის პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ნიკა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო

რეალურად ოპოზიციას აწუხებს ორი საკითხი: როგორმე მიაღწიონ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და მეორე – მათ სურთ პოლიტიკურად გაათავისუფლონ პატიმრობიდან ნიკა მელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“  ეთერში განაცხადა.

თაკალვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მოქალაქეებს თავისი საქციელით  უთხრა, რომ კანონი არსებობს თქვენთვის, მაგრამ მე კანონზე მაღლა ვარ.

„ნიკა მელიას დაპირისპირება სახელმწიფოსთან და კანონებთან პოლიტიკურ აქტი იყო. მან განაცხადა, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერც დამაპატიმრებთო. თავის მხარდამჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ კანონი არსებობს თქვენთვის, მაგრამ მე კანონზე მაღლა ვარ და კანონის სხვანაირი გაგება შეიძლება ჩემს შემთხვევაშიო. ამ დროს, მართლმსაჯულებამ და სახელმწიფომ შეახსენა ნიკა მელიას, რომ ამ ქვეყანაში კანონიც არსებობს და მართლმსაჯულებაც. ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ნიკა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. დღესდღეობით ყველაზე მარტივი გზა, რომ ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან გახლავთ გირაოს გადახდა. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.