“ერთი შვილი აგერ მისვენია, მეორე შვილის დასვენებას მე არ ვაპირებ!”

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახი და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართვას აპირებს. რომან შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ეფექტურად და სამართლიანად არ წარიმართება, ცხედარს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს.

“ექსპერტიზა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ჩვენ მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ერთი შვილი აგერ მისვენია, მეორე შვილის დასვენებას მე არ ვაპირებ. ველოდები ხვალ დილამდე. გამოძიება უნდა ჩაატარონ ისე, როგორც საჭიროა. ისე არა, როგორც თვითონ უნდათ. თუ არა და, მე დილით ავიყვან ჩემ ბავშვს, გავიყვან ქუჩაში“ – აცხადებს გიგა შენგელიას მამა.

კომენტარის დატოვება