მამუკა მდინარაძე: ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა მიუღებელი, დაუშვებელი და შეურაცხმყოფელიც კია

ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ტოლობის ნიშნის დასმა კიდევ უფრო დიდი საოცრებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ერთ მხარეს დგას კრიმინალი, დადასტურებული სასამართლო განაჩენით, რომელმაც ვერც სტრასბურგში მიაღწია წარმატებას და მიჩნეულია დამნაშავედ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი დღეს არ ტოვებს, რომ არ გამოჩნდეს ტელევიზიით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეც კი არაა. მეორე მხარეს კი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ერთი წამითაც არ გამოჩენილა არსად საჯარო სივრცეში და აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან. ამიტომ ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და შეურაცხმყოფელიც კი არის რაიმე სახის ტოლობის ნიშნის დასმა ამ ორ ადამიანს შორის. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პოლიტიკაში კრიმინალები „გაპრავდნენ“. პრობლემა ისაა, რომ კრიმინალები ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას და პოლიტიკოსებად პოზიციონირებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მანამდე ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.