ნინო ლომჯარია – თუ რომელიმე მხარე არ განაცხადებს მზაობას გადადგას ნაბიჯები, საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს, ვინ იყო ეს პარტია

მზად ვარ მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს – ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკების შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს, ამიტომ რაღაც ეტაპზე კარგი იქნება, თუ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდება.

„მზად ვარ მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს. მათთან ცალკეული შეხვედრები, კომუნიკაცია მქონდა. იმ 6-პუნქტიან ჩარჩო შეთანხმებაში, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს წარუდგინა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე.

მე ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული უნდა იქნას. თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას, გადადგას ნაბიჯები, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რაღაც ეტაპზე კარგი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებაში გასაჯაროვდეს. ძალიან ბევრი სპეკულაციები ხდება, ხოლო საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, – განაცხადა ლომჯარიამ.