დავით ბაქრაძე – იმედი მაქვს, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება გაგრძელდება

ის ფაქტი, რომ დოკუმენტი უნდა დაიდოს მაგიდაზე ბატონი დანიელსონის მხრიდან, ბუნებრივია, აჩენს რეალისტურ მოლოდინს, რომ დღეს შეთანხმება გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, კრიზისის დასრულება ქვეყნისთვის აუცილებელია.

„სულ ცოტა ხანში დაიდება დოკუმენტი და ყველა ერთად ვნახავთ მოხერხდება თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დღეს შეთანხმებით დასრულება. ის, რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება, ეჭვს არ იწვევს. ყველა ვხედავთ რა ხდება, როგორ უფასურდება ლარი, როგორ გაძვირდა საწვავი, როგორ იზრდება უმუშევრობა. უმძიმესი მდგომარეობაა ეკონომიკაში და ამ ყველაფერს ემატება პოლიტიკური კრიზისიც. ამიტომ კრიზისის დასრულება არის ქვეყნისთვის აუცილებელი. მე მოსული ვარ სწორედ ამ განწყობით. გულწრფელად მინდა იმედი მქონდეს, რომ დოკუმენტი, რომელსაც წარმოადგენს ბატონი დანიელსონი იქნება მისაღები ორივე მხარისთვის – ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ დოკუმენტით და შეთანხმებით ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს.

მე დღესაც პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა აქვს „ქართულ ოცნებას“ კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად, მათ ასეთი ხედვა არ გააჩნიათ. მაგრამ ის ფაქტი, რომ დოკუმენტი უნდა დაიდოს მაგიდაზე ბატონი დანიელსონის მხრიდან, ბუნებრივია, აჩენს რეალისტურ მოლოდინს, რომ დღეს შეთანხმება გახდება შესაძლებელი. ამის მოლოდინი მაქვს მე დღეს. მე თავს ავარიდებ მოთხოვნების და პოზიციების გამეორებას, ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველაფერი ნათქვამია, ვიცით მოლოდინი და ვიცით რა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ამ წუთში მთავარიც, მოლოდინიც და მნიშვნელოვანიც არის ერთი – დაველოდოთ დოკუმენტს! იმედი მაქვს, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში გაგრძელდება ნორმალური ცხოვრება“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ის „ევროპული საქართველოს“ სახელით მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.