ალეკო ელისაშვილი – მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც პოზნერს ანგელოზები დაუფეთა და პირიდან ლუკმა გააგდებინა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სოლიდარულია იმ პროტესტის მიმართ, რომელიც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა.

„აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა „იუჟნაია შაშლიჩნაიას“. საბჭოთა საქართველოს სახელმწიფოდ მაშინ არ აღიქვამდა და რუსებს მიაჩნდათ და დღემდე მიაჩნიათ, მათ შორის როგორც ჩანს, პოზნერსაც, რომ შეიძლება, ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ აკადრო, დააბრალო ნებისმიერი რამ, მაგალითად, ომის დაწყება. შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკებია გაჩერებული გზაზე და თბილისამდე ვერ შემოვიდნენ. ამის შემდეგ „იუჟნაია შაშლიჩნაიაში“, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ, გემრიელად მოილხინო. ძალიან კარგი, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა ამ ადამიანს და პირიდან ლუკმა გააგდებინა. ის არ არის ჩვეულებრივი რიგით რუსი, ეს არის ძალიან გავლენიანი ადამიანი რუსეთში. ასეთ ადამიანებს არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ თან შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს სახწლმწიფოს და თან ვითომც არაფერი,ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

პოზნერმა და მისმა მეგობრება საქართველო უკვე დატოვეს.