ვახტანგ მეგრელიშვილი: ყველაფერი მიანიშნებდა, რომ გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა

პროტესტი იყო არა მოქალაქეების, არამედ იმავე ხალხის, რომელსაც ნებისმიერ აქციაზე ვხედავ ხოლმე. ძალიან სამარცხვინო იყო კვერცხების სროლა, სახლში რომ მივუვარდით, შევუვარდით, ვგულისხმობ, იმ კომპანიების მესაკუთრეებსაც, ვის სასტუმროებშიც და ბიზნესებშიც ხდებოდა ეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოვლენები უფრო იმას მიანიშნებდა, რომ გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა სურდათ.

„დაუჯერებელი მგონია, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს მოეწონოთ. არ მჯერა ამის. პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენ შესაძლოა, გაგვეპროტესტებინა რეგულაციებთან მიმართებით ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი, ეს სხვა თემა იქნებოდა. მაგრამ ორი ისეთი თემის არევა, როგორიცაა ოკუპაცია, სტუმარი, ასეთი ქცევა ძალიან ბევრკომპონენტიანი ამბავია და ეს ყველაფერი უფრო იმას მანიშნებდა, რომ რაღაცნაირად, გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა. როგორ შეიძლება, 87 წლის კაცის გაგდება საამაყო იყოს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.