ალეკო ელისაშვილი – არჩილ თალაკვაძემ თქვა, რურუა დაუყოვნებლივ რომ გამოსულიყო, მოაწერდნენ თუ არა ხელს დოკუმენტს, ვახო მეგრელიშვილის გარდა, ყველამ თქვა, რომ მაინც არ მოაწერდნენ

კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანიზაცია გადაიხდიდა ნიკა მელიას გირაოს, გამოვიდოდა გირაოთი და შემდეგ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია გამოცხადდებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულად იყო გაწერილი, როგორ უნდა გათავისუფლებულიყვნენ გიორგი რურუა და ნიკა მელია.

„ძალიან კონკრეტული პოზიცია იყო რურუასთან და ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც, ძალიან ზუსტი პოზიცია იყო ნათქვამი, ვინ როგორ გამოვიდოდა. ითქვა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანიზაცია გადაიხდიდა ნიკა მელიას გირაოს. ნიკა მელია გამოვიდოდა გირაოთი, ხოლო შემდეგ მოხდებოდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტია, მარტო მელიაზე კი არა, ყველაზე, ვისაც ბრალი ჰქონდა ამ საქმეზე წარდგენილი და ერთი პერიოდი ციხეში იჯდა. ამის შემდეგ იყო საუბარი, რომ ნოემბერში გიორგი რურუა გამოვიდოდა სამაჯურით, ამაზე იყო შემდეგ დიდი მსჯელობა, რომ იქნებ დაუყოვნებლივ გამოსულიყო. ბოლოს ასეთი მომენტი დადგა. არ დავმალავ, რა ვქნა, რადგან ქვეყანაზეა ლაპარაკი. როგორ ექცევიან ქვეყანას, მაცოფებს. უფსკრულში ვიჩეხებით. ბოლოს იყო ასეთი რამ, მეც ვამბობდი, ვთქვი, რომ უპასუხისმგებლობაა, რასაც აქ ვაკეთებთ-მექთქი, ამ შეთანხმების ჩაშლა არის უპასუხისმგებლობათქო, ვთქვი, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან რეალური კომპრომისი იქნება ის,რომ რურუაც დაუყოვნებლივ გამოუშვან, რახან ასეთი ამბავია, ხოლო ოპოზიციის კომპრომისი იქნება, ვადამდელს თავი დაანებეთ-მეთქი, რადგან არგუმენტი აღარ აქვს ვადამდელს და ეს ეწერა ევროკავშირის წინადადებაშიც, რომ ოდირის დასკვნით, არც ისე გაყალბებულა, რომ შედეგზე ასახულიყო. ამის შემდეგ, ვიტყვი დეტალს, რატომ უნდა დავმალო, ასე იყო ზუსტად, რომ თალაკვაძემ თქვა, რურუა რომ დაუყოვნებლივ გამოვიდეს რამე ინსტრუმენტით და მექანიზმით, ხელს მოაწერთ დოკუმენტსო? ვახო მეგრელიშვილის გარდა ყველამ თქვა, მაინც არ მოვაწერთ ხელსო“, ეს არის რეალობა, რაც იქ მოხდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.