მეუფე შიო – სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, დღესაც გრძელდება ჯვარცმა, ბრძოლა სიწმინდესთან, სულიერებასთან და როგორც წესი, ეს ყოველთვის შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით

სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, დღესაც გრძელდება ჯვარცმა, დღესაც გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, ბრძოლა სულიერებასთან და როგორც წესი, ეს ყოველთვის შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირას ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა, იმიტომ რომ ყველგან, ტაძრებში, გამობრძანებულია წმინდა ჯვარი, როგორც შეხსენება ჩვენთვის სულიერი მიზნისა ამ დიდ მარხვაში. მოგეხსენებათ, დიდი მარხვის დასასრული – ეს არის ვნების კვირა, რომლის დროსაც ვიხსენებთ უფლის ჯვარცმას და აღდგომას. და აი, დღეს წმინდა ჯვარი გამობრძანებულია, როგორც შეხსენება ამ მიზნისა, როგორც სიმბოლო ჩვენი სარწმუნოებისა, უფალ იესო ქრისტეს გამარჯვებისა. გარდა ამისა, როგორც გამხნევება მარხვის პერიოდში, რადგან ძველად ჩვენი წინაპრები, ჩვენგან განსხვავებით, ძალიან მკაცრად მარხულობდნენ და უჭირდათ, შუა მარხვა მათთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო. ამიტომ ასეთი წესი არსებობდა და დღესაც დარჩა, რომ წმინდა ჯვარი გამობრძანდება ტაძარში და ჩვენ მას ვემთხვევით. გარდა ამისა, ჯვარი გვაჩვენებს, თუ რა არის, როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული – სიყვარული ადამიანისა, სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოსი. ამით იზომება, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს, გაიღოს თავისი სიცოცხლე და ყველაფერი, რაც მას აქვს, რაც გააკეთა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ – მან დადო თავისი სიცოცხლე, ეს არის ნამდვილი სიყვარული, ქრისტიანული გაგებით. რა თქმა უნდა, სხვა სიყვარულიც არსებობს. ასე პირუტყვებსაც უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ ჩვენ სხვა სიყვარულზე ვსაუბრობთ, ეს არის თავგანწირული სიყვარული; და აი, ჯვარი ამას წარმოაჩენს და გვაჩვენებს.

გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი, ამ სიყვარულმა, რომელმაც სიცოცხლე დასდო – თავად უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც ქადაგებდა მხოლოდ სიყვარულს და ამ სიყვარულისთვის თავგანწირვას, სანაცვლოდ იმჟამინდელი ერისგან, ხალხისგან ისეთი წინააღმდეგობა მიიღო, რომ იგი მოკლეს, ჯვარს აცვეს. მთელი ისტორიის განმავლობაში ისმის ასეთი შეკითხვა: რატომ ხდება ასე, რომ სიკეთე, სიწმინდე, რაც არის ღვთისნიერი, ყოველთვის აწყდება წინააღმდეგობას, სიძულვილს, ტანჯვასაც და ხშირად ჯვარცმასაც, მკველობასაც?! ამაზე რომ ვფიქრობთ, ხშირად გვგონია, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, ამავე დროს დავინახავთ, ვინ იყვნენ უფლის ჯვარმცმელები. თითქოს ისინი განსაკუთრებულად არაფრით გამოირჩეოდნენ, იყვნენ სხვების მსგავსნი და ყველას შეიძლება რაღაც „გამართლება“ ჰქონოდა. მაგალითად, პონტოელ პილატეს. ჩვენ გვახსოვს, რომ იგი ცდილობდა უფალ იესო ქრისტეს გამართლებას, ამბობდა, რომ „მასთან ბრალი ვერ ნახა“ და ხალხსაც ეუბნებოდა ამას, მაგრამ ბოლოს ხელები დაიბანა იმის ნიშნად, რომ იგი არ ეთანხმება, არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებაში. თუმცა სახარებიდან კარგად ჩანს, რომ იგი, ფაქტობრივად, დაეთანხმა ამ განაჩენს, შეეშინდა კარიერის დაკარგვისა და ამის გამო სინდისთან ასეთ კომპრომისზე წავიდა. ჩვენ კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: ჩვენშიც ხომ არ ბუდობს ეს პილატე? განა ჩვენ ამის მიღმა ვართ? იქ რომ ვყოფილიყავით, როგორ მოვიქცეოდით? ხშირად ვამბობთ, რომ „არა, მე ამას არ ვიზამდი, ამაში არ მივიღებდი მონაწილეობას“, მაგრამ გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, იქნება კი ეს დადებითი პასუხი? ზუსტად ვიცით, რომ ამას არ ვიზამდით? იმიტომ, რომ ხშირად, როცა დგება ჟამი და, მართლაც, დამდგარა ჩვენს პირად თუ ჩვენი ერის ცხოვრებაში ისეთი ჟამი, როდესაც მტკიცე უარი უნდა ეთქვას უსამართლობას, ბოროტებას, განა ჩვენ ვუძლებთ ხოლმე ამ ცდუნებას, რომ დავთმოთ და ჩვენი სინდისის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ? ყოველთვის შეგვიძლია ეს?

გარდა ამისა, პილატესთან ერთად იყვნენ ის მეომრებიც, მხედრებიც, რომელთაც ჯვარს აცვეს უფალი. მათ რა შეეძლოთ ეთქვათ თავის გასამართლებლად? ის, რომ მათ შეასრულეს ბრძანება, ისინი მეომრები არიან, მათ უბრძანეს, უთხრეს, რომ ეს ადამიანი ბოროტმოქმედი იყო, რომელიც უნდა შეეპყროთ, ჯვარს ეცვათ და სიკვდილით დაესაჯათ. ასევე ხალხი, რომელიც „ოსანას“ უგალობდა უფალ იესო ქროსტეს, რამდენიმე დღის შემდეგ გაჰყვიროდა: „ჯვარს აცვი!“ – მაგრამ თითქოს მათაც შეიძლება გამართლება მოეძებნოს, შეიძლება, თქვან, რომ ერის ლიდერებმა, სინედრიონმა, ხელმძღვანელობამ დაარწმუნა ისინი, რომ იესო ქრისტე დამნაშავე იყო და სიკვდილით უნდა დასჯილიყო. აი, თითქოს ყველას „რაღაც გამართება“ მოეძებნა საკუთარი თავისთვის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ დასაჯეს და მოკლეს ის, ვისზეც სახარებაში ნათქვამია, რომ „არარაი ბოროტი უქმნიეს“, ე.ი. არაფერი ცუდი გაუკეთებია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. აი, ამ ყველაფერზე ვფიქრობთ და ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება ეს; სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, დღესაც გრძელდება ჯვარცმა, დღესაც გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, ბრძოლა სულიერებასთან და, როგორც წესი, ეს ყოველთვის შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით. ინერგება ისეთი ღირებულებები, ისეთი ბოროტება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ბოროტებად მიიჩნეოდა, მას კი ხშირად სარჩულად ედება ადამიანებზე ზრუნვა, ხშირად ადამიანების გამოხატვის უფლების, ასე ვთქვათ, დაცვა და ა.შ.

ასე რომ, დღეს ასევე ვფიქრობთ ქრისტეს ჯვარზე, როგორც არჩევანზე. ეს არჩევანი ჰქონდა პილატესაც, დაებანა ხელი და გადაეცა ქრისტეს ჯვარცმისთვის თუ არა; ეს არჩევანი ჰქონდათ იმ მეომრებსაც, ჯვარს ეცვათ თუ არ უფალი იესო ქრისტე და ჩვენც ეს არჩევანი გვიდგას ყოველთვის. ეს არის მთავარი. ამაზეა დამოკიდებული ერისა და ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, თუ რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ. უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ „მე მოვედი ამქვეყნად განსასჯელად და არა – დასასჯელად“. იგი მოვიდა, რათა განსაჯოს და არა – დასაჯოს. და აი, ასეთ სამსჯავროზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯვარცმული სიყვარულის, ჯვარცმული სიკეთის, ჯვარცმული სიმართლის სამსჯავროზე ვდგავართ ყველა ყოველ წამს ჩვენს სინდისთან და ყოველდღე ჩვენს ცხოვრებაში და ამაზეა დამოკიდებული, რა არჩევანს გავაკეთებთ. უფალმა ინებოს, რომ გავაკეთოთ ის არჩევანი, რომელსაც ყოველთვის ირჩევდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ ჯვარცმული სიყვარულის მხარეს, უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.