დუბაიში რუსი მოდელები შიშველი ფოტოსესიისთვის დააკავეს, მათ  6 თვიანი პატიმრობა ემუქრებათ

შიშველი ფოტოსესიისთვის დუბაიში დაკავებულ რუსეთის 10-მდე მოქალაქეს 6 თვიანი პატიმრობა ემუქრება, ფოტოსესიის ორგანიზატორებს კი 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების პოლიციამ დუბაიში 10 გოგო დააპატიმრა, რომლებიც Dubai Marina-ს სასტუმროს აივანზე შიშველი ფოტოსესიისთვის პოზირებდნენ. საერთო ჯამში, შიშველი ფოტოსესიისთვის დუბაიში 40-მდე პირია დაკავებული.

ფოტოსესიის მონაწილეებს 6 თვიანი პატიმრობის გარდა ჯარიმის, დაახლოებით, 1390 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ღონისძიების ორგანიზატორს კი 14 000 აშშ დოლარის.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის დაწყებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ დაკავებულები შეიწყალოს.