ლევან იოსელიანი – მოსახლეობა მხარს არ უჭერს პარლამენტის ბოიკოტს, ამას კვლევა არ სჭირდება, ყველა ვხედავთ ამ განწყობას

მოსახლეობა მხარს არ უჭერს პარლამენტის ბოიკოტს, ამას კვლევა არ სჭირდება, ყველა ვხედავთ ამ განწყობას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა IRI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი დაიღალა განუწყვეტელი დაპირისპირებით.

„განწყობა, რაც კვლევამ აჩვენა, სიახლე არ იყო. მოსახლეობის 60 პროცენტი მხარს არ უჭერს ბოიკოტს, თვლიან, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა იყვნენ. ამას კვლევა არ სჭირდება, ყველა ვხედავთ, ამ განწყობას. არავის აღარ უნდა და დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით, პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ჭიდაობით. ხალხს უნდა, რომ მათ წუხილებზე დავიწყოთ საუბარი. ეს არის პენსიონერების, ვეტერანების პრობლემები, უამრავი საკითხი, რაც დაკავშირებულია დასაქმებასთან, ეკონომიკის ჩავარდნასთან. კვლევამ დაადასტურა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური კრიზისის დასრულება უნდათ“, – განაცხადა იოსელიანმა

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ნაწილში კვლევამ აჩვენა, რომ ხალხის მხარდაჭერა მხოლოდ პარტია „მოქალაქეების“ მიმართ გაიზარდა.

„ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიებისადმი მხარდაჭერის ნაწილი, სადაც ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი პარტიის ლიდერისთვის, ძალიან სასიამოვნო რიცხვები ამოვიდა. კერძოდ, ყველა პარტიისგან განსხვავებით, რომლებმაც აჩვენეს კლება ან შეინარჩუნეს იგივე მაჩვენებელი, მხოლოდ ჩვენმა პარტიამ აჩვენა პრაქტიკულად 100-პროცენტიანი ზრდა. ეს ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეს, რომ პარლამენტში შემოვედით. ეს კვლევა ჩატარებულია ჩვენ მიმართ ნეგატიური კამპანიის წარმოების პიკზე, დაახლოებით თვენახევრის წინ. ახლა რომ ჩატარებულიყო, ეს ციფრები ვფიქრობ, კიდევ მეტი იქნებოდა.

ეს კვლევა გზავნილია იმ პარტიებისთვის, ვინც ამ პოლიტიკურ კრიზისში ცალსახად ერთი დიდი პოლიტიკური პარტიის ორბიტის გარშემოა. კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ გაზრდილია მათი წილი, ვინც ახალ პარტიებს ეძებს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ხედავენ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ამ განაცხადით მოვიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე აღმოჩნდნენ. მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ ხმას, რაღა სხვა პარტიას მისცენ“, – განაცხადა იოსელიანმა.