სერგი კაპანაძე: ჩემი სტატუსი გულისხმობდა იმას, რომ ცხინვალში, სამხედრო ობიექტების მიმართ ძალის გამოყენება არის უდავო ამბავი და ამას არავინ მალავს

სერგი კაპანაძე აგვისტოს ომის დროს საქართველოს მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ თავის განცხადებას განმარტავს. „ევროპული საქართველოს“ წევრი მედიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მისი განცხადება ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდა და ის, რაც გუშინ მას მოჰყვა, ჭიქაში ქარიშხალი იყო.

„ცხინვალში სამხედრო ძალის გამოყენებას არავინ უარყოფს, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს არ იყო ომის დაწყება. კასეტური ბომბები იყო გამოყენებული, ოღონდ სხვაგან და არა ცხინვალში, სხვა ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. როკის გვირაბის მიმართულებით იყო გამოყენებული. ჩემი სტატუსი გულისხმობდა იმას, რომ ცხინვალში, სამხედრო ობიექტების მიმართ ძალის გამოყენება არის უდავო ამბავი და ამას არავინ მალავს და არავინ ამბობს, რომ ცხინვალში სამხედრო ოპერაცია არ ყოფილა. ასევე არავინ მალავს იმას, რომ კასეტური იარაღი იყო გამოყენებული, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ცხინვალში და სამოქალაქო ობიექტების მიმართ. ამაზე იყო მხოლოდ საუბარი. მე ვიცი თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომელიც მიცემულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც ასევე არის იმ საქმის მასალებში, რომელიც სტრასბურგმა გადაწყვიტა ცოტა ხნის წინ, და იქ სწორედ ის არის ნახსენები, რომ სამხედრო ობიექტებთან და როკის გვირაბის მიმართულებით (იყო გამოყენებული კასეტური ბომბები)“, – განაცხადა კაპანაძემ.