თენგიზ ცერცვაძე – ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, დარწმუნდნენ, რომ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“ არ ჯობს, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს

ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, დარწმუნდნენ, რომ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“ არ ჯობს, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს, ბოლო კვლევით, ის 100%-იან დაცვას იძლევა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე, მოსახლეობის აქტივობა ვაქცინაციის პროცესში მაღალი არ არის, თუმცა, არსებული სიტუაცია ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩავარდნა – პირდაპირ ასე ვთქვათ, ვაქცინაციის თვალსაზრისით. პირველ ათ დღეში, სულ 1 000 კაცი აიცრა, რაც არაფერია, ჩვენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა გვაქვს სამიზნედ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს დასახული იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 1%, ეს არის 28 000. რატომღაც, ყველას გვაქვს ასეთი რწმენა, 1%-იან ზღვარს თუ გადავლახავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიძრა მასობრივი ვაქცინაცია. თუ 1%-ს გადავაცილეთ, მერე წავალთ ძალიან ჩქარა, გუშინდელი ზუსტი მონაცემები არ მაქვს, სადღაც, 13 000 ადამიანია აცრილი, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო პირველი 10 დღე, მაგრამ ასევე ბევრად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც გვჭირდება, რომ წლის ბოლოს 60%-მდე გავიდეთ. ამიტომ, ოპტიმიზმი სწორი სიტყვა არ იქნება, ჯერ ისევ გულისდაწყვეტა, ჯერ ისევ იმედგაცრუებაა, რომ ხალხი არ აქტიურობს, მაგრამ გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სტატისტიკის ზრდას პროპაგანდამაც შეუწყო ხელი.

„ჯერჯერობით გვაქვს „ფაიზერი“, ჯავშნები მგონი დამთავრდა, მაგრამ რაღაც რაოდენობა მგონი არის, „ასტრაზენეკა“ საკმარისზე მეტია. მინდა პოზიტივად აღვნიშნო, რომ თანდათან მცირდება ის კაპრიზი, ჭირვეული ბავშვის მოთხოვნა, რომ „ფაიზერი“ უნდოდათ. დარწმუნდა ხალხი, რომ „ფაიზერი“ არ ჯობს „ასტრაზენეკას“, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს, რადგან ბოლო კვლევით, 100%-იან დაცვას იძლევა „ასტრაზენეკა“ ხანდაზმულებში მძიმე და სასიკვდილო ფორმებისგან, მაშინ, როცა „ფაიზერმა“ მხოლოდ 94% უჩვენა. მოკლედ, ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა. ამას ხელი შეუწყო ჩვენმა პროპაგანდამ, ქალბატონი სალომეს და მინისტრის, ეკა ტიკარაძის აცრამ და იგივე იმან, რომ ბოლო ორ კვრაში, 12 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი აიცრა „ასტრაზენეკათი“, – განაცხადა ცერცვაძემ.