Home » მთავარი » ვიოლა ფონ კრამონი – ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ

ვიოლა ფონ კრამონი – ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ

ვეჭვობ, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ წევრობამდე ძალიან შორია.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განცხადებები “ალბათ, მმართველი პარტიის მიერ იმის არცოდნას უკავშირდება, თუ რას ველით მათგან”.

“ვისურვებდი, ბევრად ახლოს ვიყოთ. მაგრამ ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ გულწრფელად, საქართველო წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ – ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრჯერ ვეწვიე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობაში და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურა აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული. განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე პრო-ევროპულ, პრო-ტრანსატლანტიკურ ფიგურებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან აგდებ, ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა შენთვის სერიოზული მიზანი ან საკითხია. ვგულისხმობ, რომ ძალიან მომწონდა ბრიუსელში თქვენი ყოფილი ელჩი, ნატალი (საბანაძე) – მან სწორად დაწერა, რომ ევროკავშირის მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. ვგულისხმობ, რომ ამასთანავე, გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო. ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, ეს ყველაზე ცოტა, რეალური მოქმედებაა.

ვნახეთ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადებები „ქართული ოცნების“ და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ბევრი როტაციაა სამინისტროების კუთხით, ადამიანები მოდიან და მიდიან, შესაბამისად, საქართველოს დიდი პარტიიდან რეალურად ვერ ხედავ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული.

შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, ყველას გვაქვს სურვილი, რომ საქართველო სხვა მიმართულებაზე დამდგარი გვენახა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების მზაობით, და ა.შ. უნდა ვთქვა, მაქვს ჩემი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან. მაგრამ ეს ჩემი ძალიან პირადი შეფასებაა“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

x

Check Also

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შვიდჯერ დაარღვიეს

უკრაინელი სამხედროების ცნობით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ...