ალექსანდრე კობაიძე: საქართველო დაემსგავსა უბანს, რომელიც ყველასგან მიტოვებულს ჰგავს – არც არსაიდან ისმის ხმა, არც არსაიდან მოჩანს იმედი

„საქართველოს უუნარო ხელისუფლება, მთავრობა და  პარლამენტი პასუხისმგებელია კვლავ გართულებულ ეპიდვითარებაზე”, – ამის შესახებ პარტია „პროგრესული საქართველოს” ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ განაცახადა.

მისი თქმით,  ე.წ კომენდანტის საათმა და  „ლოქდაუნმა”  შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო საზოგადოება კი, პირიქით, კრიტიკულად მძიმე ვითარებაში ჩააგდო.

„ერთი წელი ჰქონდათ დრო შეეფასებინათ არსებული რეალობა, ესწავლათ  თუნდაც საკუთარი შეცდომებიდან, მაგრამ „შეზღუდვა“; „ჩაკეტვა“; „ლოქდაუნი“;  ე.წ კომენდანტის საათი მიაჩნიათ სწორ არჩევანად, თუმცა  ეს ნაცადი ხერხებია, რომელთაც  შედეგი არ გამოუღია – პირიქით, საზოგადოება ისეთ კრიტიკულად მძიმე ვითარებაში ჩააგდო, რომ  უმეტესობას დღემდე უჭირს იმის გააზრება, როგორ დარჩნენ მშივრები, უშემოსავლოდ და  უპერსპექტივოდ.

საზოგადოებას სჭირდება „ლიდერი“ ხელისუფლება, რომელიც  პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას შეძლებს და დაგვეხმარება კრიზისის გადალახვაში, რადგან ვერც ვაქცინაცია აწარმოებს სწორად და გათვლილად, ვერც რეგულაციებმა გაამართლა და  ვერც კონტროლი ხორციელდება სათანადოდ.

საქართველო დაემსგავსა უბანს, რომელიც ყველასგან მიტოვებულს ჰგავს – არც არსაიდან ისმის ხმა, არც არსაიდან მოჩანს იმედი! იმოქმედეთ გონივრულად, ჩაკეტვა გამოსავალი არ არის – გამოსავალია  იმ გზის პოვნა და გაკვალვა, რაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს როგორც ქვეყანას,  ასევე მის მოქალაქეებსაც,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ „ დღეს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. არამედ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები”.