პროკურორის განცხადებით, მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია და მისთვის არც ადრენალინი გაუკეთებიათ

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს – ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

როგორც პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განმარტა, ექთანმა თეა გზირიშვილმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ გამოსაკითხმა პირმა განაცხადა, რომ იმუნიზაციის ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ თითქოს, მეგი ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთა.

„ინასარიძემ სთხოვა გზირიშვილს აღნიშნული ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის.  ბექა ლიპარტელიანმა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას და კოლეგიალური დამოკიდებულებით და ვიოლეტა ინასარიძისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, განაცხადა, რომ მას თითქოს, ინასარიძემ უთხრა, რომ მეგი ბაქრაძეს ანტიალერგიული პრეპარატები გაუკეთა, გამოძიებით კი დადგინდა, რომ ვიოლეტა ბაქრაძეს აღნიშნული არც უთქვამს ლიპარტელიანისთვის და არც აღნიშნული პრეპარატები გაუკეთებიათ მეგი ბაქრაძისთვის,” – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე “ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარადგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.