სოფელ ნამახვანში, მდინარე რიონში მამაკაცის გადახტომის ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

სოფელ ნამახვანში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა .თვითმხილველების თქმით, ის ნასვამი იყო.

სოფელ ნამოხვანში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა იმერეთის სამმართველოს უფროსმა სულხან თამაზაშვილმა.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. დაიწყო გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უპირველესია, ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს”- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა და წყალში შევიდა. მისი შეჩერება ვერ შეძლეს.