“მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება, აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ კარვებს ჩავიტანდით გუმათთან, სადაც შეუძლიათ დადგან” – იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სოფელ ნამახვანთან აქციის ორგანიზატორებს შესთავაზეს, რომ კარვებს პოლიცია სოფელ გუმათთან ჩაიტანს.

„სამაშველო სამუშაოები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გრძელდება. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ იქნა ნაპოვნი ნიკა ანთიძე.

გამომდინარე გუშინდელი ფაქტიდან, ასევე ჩვენი მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, არის მოსალოდნელი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები აგვეღო. მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული.

აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ ჩავიტანდით გუმათთან, სადაც ამ დღემდე გრძელდება პროტესტი და ერთი კარავი აქვთ დადგმული. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ ეს კარვები დადგან და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ. განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.