უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი უკრაინაში 2008 წლის ქართული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს

რუსეთი უკრაინაში 2008 წლის ქართული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ტარანმა უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან, ეტიენ დე პონსენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანიმ საფრანგეთის ელჩს უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტიურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც იგი აცხადებს , რუსეთის შეიარაღებული ძალების ასეთი კონცენტრაცია არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ ევროპის სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს.

„ჩვენს თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ სიტუაცია სათანადოდ არ შევაფასოთ. გააზრებული გვაქვს, რომ რუსეთი უკრაინაში 2008 წლის ქართული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. მათ შეუძლიათ პროვოკაციები გამოიყენონ, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულონ იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა 400 ათასს ადამიანს რუსული პასპორტები დაურიგა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.