თენგიზ ცერცვაძე – „სინოფარმის“ ეფექტურობა ცოტათი ნაკლებია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასი“, მაგრამ ამბობენ, რომ ის უფრო უსაფრთხოა

„სინოფარმის“ ეფექტურობა ცოტათი ნაკლებია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასი“, მაგრამ ამბობენ, რომ ის უფრო უსაფრთხოა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა დასაწყობებულია და ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მის დამტკიცებას ელოდება.

„დღეს 1 500 ადამიანი იცრება ყოველ დღე. ეს მეტია, ვიდრე იყო მარტში, მაგრამ ოთხჯერ ნაკლებია იმაზე, რაც ჩვენ გვჭირდება წლის ბოლომდე საყოველთაო ვაქცინაციისთვის. ჩვენ გვჭირდება 6 000 ადამიანის აცრა ყოველდღიურად. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე.

„სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა დასაწყობებულია და ველოდებით ჯანმოს. „სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79-პროცენტიანი ეფექტურობა. ეს ცოტათი ნაკლებია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასი“, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ღირდეს მისი მასობრივი გაკეთება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ხუთი აცრილიდან ოთხს დაიცავს და ეს არ არის ცოტა. დაახლოებით ასეა გრიპის ვაქცინის დროსაც. როგორც ამბობენ, ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, რამდენადაც ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.