მარინა კალიურანდი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს სულ ასე იქნება

დროა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს ეროვნული ინტერესები, ამომრჩევლისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, კომპრომისი ნიშნავს შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმას.

„შეიძლება ეს არ იყო პოპულარული ნაბიჯი, მაგრამ აუცილებელია გამბედაობა ამ ნაბიჯის გადასადგმელად, რადგან ეს სჭირდება ქვეყანას და მის მომავალს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. საქართველოს აქვს ევროპული მისწრაფება და ევროკავშირი არის და იქნება საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე პარტნიორ ქვეყანას ევროკავშირთან ახლო კავშირები სურს. ჩვენ საქართველოს ზურგს ვერ შევაქცევთ. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას, საქართველოს მხარდაჭერას, დახმარებას, მაგრამ პოლიტიკური კომპრომისის და შეთანხმების გარეშე, ჩვენი ურთიერთობები სხვაგვარი იქნება. შესაძლოა საქართველო აღარ იყოს პრიორიტეტული საკითხი, შეიძლება აღარ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები, გადაიხედება ფინანსური დახმარების ვალდებულებები. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა პარტიას კომპრომისისკენ, ქვეყნის მომავალის სახელით მოქმედებისკენ და შეთანხმებისკენ. მინდა ძალიან მკაფიოდ განვმარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ვიდრე ქართველ ხალხი, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ამ გზას მიჰყვება, მანამდე ევროკავშირი იქნება თქვენს გვერდით. ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს სულ ასე იქნება“, – განაცხადა კალიურანდმა.