„ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

„ვიდრე ორ მთავარ საკითხზე არ მოხდება შეთანხმება, სრული შეთანხმება მიღებული ვერ იქნება. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები არის მთავარი საკითხები. ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წასვლა მოუწია იმ სამ საკითხზე, რომლებიც რეფორმებს ეხება, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს ორ მთავარ საკითხზე. ეს საკითხებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში კრიზისის მოგვარებისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.