რუსეთმა ქვეყნიდან ათი ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთმა ქვეყნიდან ათი ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ ერთბლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„10 დიპლომატი შეიყვანეს სიაში, რომელიც გადმოგვცეს თხოვნით, რომ მათ აშშ დატოვონ. ჩვენ ამ ზომას სარკისებურად ვუპასუხებთ. ასევე, შევთავაზებთ რუსეთში აშშ-ის 10 დიპლომატს, დატოვონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთი „შავ სიაში“ შეიყვანს რვა ამერიკელ მაღალჩინოსანს.

რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთი აამოქმედებს პროცედურას, რომელიც შეწყვეტს რუსეთში ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში რუსეთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეების აყვანის პრაქტიკას.

სერგეი ლავროვმა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციებს არამეგობრული ქმედებები უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ დამტკიცებულ საპასუხო ზომებს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამოაქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. აშშ-მა სანქციები დაუწესა 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.