ანა ნაცვლიშვილი – ვიცით, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში, ამისთვის მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ამავე დროს უნდა მივაღწიოთ რეალურ შეთანხმებას

ოპოზიციის მოქმედებებმა მოიტანა ის შედეგი, როდესაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეკვირიანი გაჯიუტების შემდეგ, გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი მმართველი გუნდის მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტს უკავშირებს.

„ცხადია, კარგია ის, რომ ამდენხნიანი წვალების შემდეგ, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, „ქართულ ოცნებას“ გაუნათდა გონება და მიხვდა, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა მისი მხრიდან იყო აუცილებლობა.

დანიელსონთან შეხვედრა დასრულდა იმით, რომ ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ სამ პუნქტთან დაკავშირებით, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთთან დაკავშირებით არ განაცხადა თანხმობა. ეს ვითარება რომ შეიცვალა, კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა პარტნიორების ასეთი კრიტიკული ჩარევა არ გამხდარიყო აუცილებელი. დანარჩენ ორ პუნქტთან დაკავშირებით მაშინვე ვთქვით, რომ ამაზე მუშაობა არის გასაგრძელებელი და ასეც ვაპირებთ. ამ საკითხების ფორმულირებასთან დაკავშირებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს ბატონი დანიელსონის ჩართულობით, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით. იმიტომ შეიქმნა ეს ფორმატი, რომ მოფიქრებულ იქნას გამოსავალი, რომელიც რეალურად შეძლებს უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქვეყანაშია. ბატონი დანიელსონის უშუალო მედიაციით მიმდინარე პროცესი იცით, რომ არ არის იზოლირებული პროცესი და გამომდინარეობს პრეზიდენტ მიშელის მიერ განსაზღვრული ექვსი პუნქტიდან. სწორედ იმ ექვს საკითხს, რომელიც დასმული იქნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან, ამ ექვს საკითხზე უნდა მოხდეს შეჯერება. იქ საუბარი იყო ასევე არჩევნებზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სისტემურ რეფორმებზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმების საბოლოოდ მისაღწევად მოლაპარაკებები კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით უნდა გაგრძელდეს.

„სწორედ ოპოზიციის მოქმედებებმა მოიტანა ის შედეგი, როდესაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეკვირიანი გაჯიუტების შემდეგ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯი, ჩვენი პასუხისმგებლობაა ახლა ის რომ გავაგრძელოთ მუშაობა და მოლაპარაკების მაგიდასთან მუშაობას ბატონი დანიელსონის ჩართულობით, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ვიცით, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ამისთვის მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ამავე დროს უნდა მივაღწიოთ რეალურ შეთანხმებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.