შარლ მიშელი – ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის, საერთო ფასეულობები, ინტერესები გვაქვს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ

მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობა, პრემიერ-მინისტრო. მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა პრემიერ-მინისტრო, ყველა მჭიდრო კონტაქტისთვის ბოლო კვირების განმავლობაში, მრავალი სატელეფონო ზარისთვის და ბრიუსელში თქვენი ვიზიტისთვის. ასევე თქვენი გამბედავი პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, დასაფასებელია ოპოზიციის ერთგულება. როგორც მიშელი აღნიშნავს, მათი გადაწყვეტილება არის არა სისუსტე, არამედ სიძლიერე.

„ასევე მსურს, ჩემი დაფასება გამოვხატო ოპოზიცის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თვიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ აი, ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად იმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმებია ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, რათა გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშორომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის, ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას, ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. დღეს მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებეში აქტუალურია. პრემიერო, გარწმუნებთ, რომ ყველა წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.