ვარლამ გოლეთიანი – ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ჩვენი საკითხის განხილვა დღესვე მოხდება პრემიერთან და პარასკევს გვექნება მათი პასუხი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ჩვენი საკითხის განხილვა დღესვე მოხდება პრემიერთან და პარასკევს გვექნება მათი პასუხი, დაველოდებით პარასკევ დღეს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ლოდინის გონივრული ვად ამოიწურა და დროა, ხელისუფლებამ პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც გუბერნატორებთან და დეპუტატებთან შეხვედრის დროს დაისვა.

„დღეს დამიკავშირდა გუბერნატორი და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი გუშინ გამოვიდა იზოლაციიდან, შემდეგ მიშელს შეხვდა და მათ არ ჰქონდათ დრო ეს საკითხები განეხილათ ირაკლი ღარიბაშვილთან. დრო, რომელიც გადის, არ მუშაობს მათთვის. დღესაც დავუკავშირდი ლერი ბარნაბიშვილს და ვუთხარი, თუკი ამას დაემატება კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები, აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს არ ექნებათ საშუალება, მოვიდნენ ჩვენამდე ან თავისუფლად დავგეგმოთ ჩვენ პროტესტი, ეს ბუნებრივია, გააჩენს განცდას იმისას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად, შემდეგ გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და ჩაკეტა ჩვენი პროტესტის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება პრემიერთან განხილვა ამ საკითხის და პარასკევს არც ერთ შემთხვევაში არ გადაცილდება მათი პასუხი და ჩვენ დაველოდებით პარასკევ დღეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, თუ პირობები არ შესრულდება, რაც გულისხმობს თავისუფლად გადაადგილებას ნამახვანის მიმართულებით და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას, მაშინ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ და ჩვენ წავალთ ფართო მასშტაბიანი აქციების გზით და კიდევ უფრო დაიძრება პროცესი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.