ივანე ჩხაიძე – საქართველოში კორონავირუსი 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა, ვთხოვთ მშობლებს, კოვიდის შემდგომი გახანგრძლივებული სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებლად მოგვმართონ

იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კორონავირუსი საქართველოში 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა.

ბავშვებს, რომელთაც „კოვიდ- 19“-ის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ, დაწესებულებებში მულტიპროფესიული ჯგუფი შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ დიაგნოსტირებას მოახდენს.

„ინფექციის გადატანის შემდეგ დიდი პერიოდის განმავლობაში, 6-8 თვემდეც კი, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში აღინიშნება იმ სიმპტომების გახანგრძლივება, რომლებიც ჰქონდათ ამ პაციენტებს მწვავე ფაზაში, ან სრულიად ახალი სიმპტომების გამოჩენა. ზოგადად, ითვლება, რომ მოსახლეობის 10 პროცენტში შეიძლება აღინიშნოს 12 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში სიმპტომები და 30-33 პროცენტში უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

ცნობილი არ არის, რა იწვევს ასეთ გახანგრძლივებულ სიმპტომებს, მაგრამ ამ სიმპტომებს შეფასება სჭირდება. შეიძლება, ეს იყოს ძილის დარღვევა, სუნთქვის უკმარისობა, ჰაერის უკმარისობა, ხველის გახანგრძლივება, საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი. პედიატრიულ პაციენტებში 100-მდე სიმპტომი არის აღწერილი, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის გადატანის შემდგომ მდგომარეობას.

ჩვენ გუშინ დავიწყეთ ფუნქციონირება. ეს პაციენტები იღებენ მულტიპროფესიული ჯგუფის ერთობლივ შეფასებას, პედიატრთან ერთად შეფასების პროცესში მონაწილეობს კარდიოლოგი, პულმუნოლოგი, ნევროლოგი და ა.შ. ასევე, მნიშვენლოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობაც, ვინაიდან ხშირია დეპრესიის, ხასიათის ცვლილებები. ასე რომ, ეს ცენტრი ორიენტირებულია ამ ბავშვების შეფასებაზე, შეფასების შემდეგ გადაუდებელ მდგომარეობებში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაზე. ქვეყანაში გვყავს 30 000 ბავშვი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი. ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე იყო კორონავირუსი, მწვავე ფაზაში, თუ მსუბუქი, კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ თუ აღინიშნა რომელიმე ეს სიმპტომი, აუცილებლად მოგვმართოს. ამ ბავშვების მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად. მეთვალყურეობის ხანგრძლივობა შესაძლებელია, იყოს ერთი წელი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომლის შემთხვევაში გულის დაზიანებას სულ მცირე ერთწლიანი მონიტორინგი სჭირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.