მამუკა ხაზარაძე – ლაპარაკი არის „NATO”-ს „MAP“-ის ტიპის სამოქმედო რუკის შექმნაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ეს არის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის დროს შევთანხმდით, რომ იქნება ევროდეპუტატების საკმაოდ სერიოზული ჯგუფი გამოყოფილი, რომელიც გაუკეთებს მონიტორინგს ხელშეკრულებას, რომ შესრულდეს იმ დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შედგა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელში ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის განმარტებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე გარდა შეთანხმების დოკუმენტისა, საუბარია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ნატო-ს „მაპ“-ის მსგავსი სამოქმედო რუკის შექმნაზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს, გვაქვს შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან. შეხვედრა იქნება ასევე, საგარეო ურთიერთობის მიმართულებით, კომიტეტში – აქ ძირითადად განვიხილავთ ორ საკითხს, ეს არის იმ ხელშეკრულების იმპლემენტაცია, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით და მედიატორობით იქნა დადებული, ასევე მისი აღსრულების მექანიზმები და გარანტიები, საუბარია იმაზე თუ როგორ იყოს ეს ყველაფერი აღსრულებული. მეორე საკითხია, ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც დააჩქარებს და უფრო გამოკვეთავს ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს – ლაპარაკი არის ნატო-ს „მაპ“- ის ტიპის სამოქმედო რუკის შექმნაზე, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ეს არის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. უახლოეს ხანში ამ თემას უფრო ფართოდ გავშლით, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები დაინახოს ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა ქვეყანამ თუ როგორ მივდივართ ევროკავშირის მიმართულებით. ახლა მთავარია ამ ხელშეკრულების აღსრულება, წინ სიარული და არა უკან, წარსულში ყურება და კრიტიკა იმისა, თუ აქამდე რა იყო – უნდა ვილაპარაკოთ ხვალ როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავატაროთ ამ ხელშეკრულების შედეგები ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.