პრეზიდენტი: ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნისა და მისი ხალხის ერთგული და ამდენად, ერთიანობის უდიდესი მაგალითი

დღეს ქართული ჯარი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 წელი კი არა, ქართული ჯარი საუკუნეებს ითვლის და ჩვენი დღევანდელი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის ღირსეული მემკვიდრე, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომლებიც მრავალი წელია მონაწილეობენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვთ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორები – ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს. ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები – მისი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, ეროვნული ღირსებისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ეს იყო ბრძოლა ჩვენი დასავლური, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ღირსეული მომავლისთვის. ამიტომ საზღაურიც იყო დიდი – მრავალი გაღებული სიცოცხლე, დაკარგული ჯანმრთელობა, დაობლებული ოჯახები. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა დაშავებულ სამხედროებსა და ვეტერანებზე ზრუნვის აუცილებლობას და თავის გამოსვლაში აქცენტი ქვეყნის მიზნებზეც გააკეთა.

„ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზეც, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს. ჩვენი ვალია სათანადოდ დავაფასოთ ვეტერანთა ღვაწლი, გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, არ მოვაკლოთ ზრუნვა და ყურადღება. წინ შესასრულებელი ამოცანებია, ჩვენი მთავარი და უცვლელი მიზნები – დეოკუპაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მათ შესასრულებლად საქართველოს სჭირდება უწყვეტი და ეფექტიანი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, წვრთნები, სწავლებები, უახლესი სამხედრო ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი პირადი შემადგენლობა და ჩვენ გვჯერა მათი მხარდაჭერის და ამისთვის მადლობელნი ვართ.

ქართულმა ჯარმა პანდემიის მძიმე თვეებში დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მოსახლეობას, გამოიჩინა მაღალი ორგანიზებულობა და უნარი ნებისმიერი გასაჭირის დროს იდგეს ქვეყნის სამსახურში, აკეთოს ის, რაც საჭიროა მოცემულ მომენტში. თუმცა პანდემიამ გლობალური მასშტაბის ამოცანებიც დაგვისახა. მან შეცვლა მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი, რაც გამოწვევად იქცა ჩვენთვისაც. ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შეგვწევს მასთან გამკლავების ძალა. დღევანდელი დღე საერო დღესასწაულია და ის მთელს საქართველოს აერთიანებს. ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნისა და მისი ხალხის ერთგული და ამდენად, ერთიანობის უდიდესი მაგალითი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე მიულოცა და სტრატეგიულ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.