ჯუანშერ ბურჭულაძე: ამაყად აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების განვლილ 30 წელს, რომელიც არის ბრძოლის, სიმამაცის, თავგანწირვისა და პატრიოტიზმის წლები

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელ დღეს, ჩვენ ამაყად აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების განვლილ 30 წელს, რომელიც არის ბრძოლის, სიმამაცის, თავგანწირვისა და პატრიოტიზმის წლები. ჩვენმა ჯარმა და მისმა გმირმა სამხედროებმა ღირსეულად ქართველი მეომრის მუნდირი, რომელიც ეკადრება ჩვენს ისტორიასა და მხედრულ ტრადიციებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ მოკლე დროში ქართულ ჯარს მოუწია მრავალი სირთულის გადალახვა. თავდაცვის ძალების აღმშენებლობა წარმოუდგენელია იმ უდიდესი ღვაწლის გააზრების გარეშე, რომელიც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე მიუძღვით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს და მსხვერპლი გაიღეს საქართველოს ერთიანობისთვის. სწორედ მათ გმირობასა და თავდადებაზე აშენდა ძლიერი ქართული ჯარი, რომელიც მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს ჩვენს მტერს. მიმდინარე წელი, 2020 წლის მსგავსად, აღსავსეა დიდი გამოწვევებით. მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედრო ექიმებმა კიდევ ერთხელ განამტკიცეს თავდაცვის ძალების მიმართ საზოგადოების უმაღლესი ნდობა. და ყველას ნათლად აჩვენეს, რომ ჩვენი ჯარი ყოველთვის მზად არის ღირსეულად დადგეს ქვეყნის სადარაჯოზე. უკანასკნელ პერიოდში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში ჩვენ არაერთ თვალსაჩინო წარმატებას მივაღწიეთ და ჩვენი ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდასთან ერთად, შევქმენით სამხედრო მოსამსახურეების დაფასებისა და მათთვის ღირსეული პირობების განვითარების მყარი საფუძველი. არ შეგვიჩერებია და მომავალშიც გაგრძელდება მასშტაბური აღმშენებლობა. არსებითად განვაახლეთ ჯარის ლოჯისტიკური საშუალებები და გავზარდეთ მობილობის ხარისხი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველა მიმართულებით და დავამკვიდრეთ თანამედროვე სტანდარტები. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებზე. თავდაცვის ძალების აღმშენებლობა წარმოუდგენელია იმ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების გარეშე, რომელიც საქართველოს ნატოსთან, აშშ-თან და სხვა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან აკავშირებს. ამ თანამშრომლობის დინამიკა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-თან და ნატოსთან, არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს ჩვენთან ერთად აღნიშნავს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მარშალი სერ სტიუარტ ფიჩი. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მარშალს და ნატოს სამხედრო კომიტეტს ჩვენი ქვეყნისა და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის. გასულ წელს განახლდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, ხოლო მისი ინიციატივების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს არაერთხელ მიუღია ალიანსისგან უმაღლესი შეფასება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მას საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების მიზნით 30 წლის განმავლობაში შეჰქონდა და დღესაც, აქტიურად აგრძელებს ჩვენთვის ისეთი ისტორიული პროგრამის მხარდაჭერით, როგორიც არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ყოველწლიური საგარეო სამხედრო დაფინანსების გამოყოფა, თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის სხვა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. ასევე ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, გამოვეცით თავდაცვის ძალების სტრატეგიული გაძლიერების 10 წლიანი გეგმა და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 4 წლიანი დოკუმენტი, რომელიც განვითარების მყარ ინსტიტუციურ საფუძვლებს შექმნის. მე მსურს განსაკუთრებულად მივულოცო თავდაცვის ძალების დღე ჩვენს მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე გლობალურ მშვიდობას იცავენ. ამ მხრივ მიმდინარე წელმა მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ნატომ 2021 წელს მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო ამ მისიას უდიდესი სიამაყით დაასრულებს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო პერსონალის მიხედვით, მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, რომლებმაც მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი დაუმკვიდრეს. 1999 წლიდან ნატოს მისიებში აქტიური ჩართულობა, თავდაცვის ძალების განვითარებისა და ნატოს თავსებადობის ამაღლებასთან ერთად, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. სწორედ გლობალური მშვიდობის დასაცავად გაწეულმა ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ დღეს საქართველო არის უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი დამცველი ქვეყანა. ჩვენ ვრჩებით საერთო ღირებულებების დაცვის ერთგული და გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს აშშ-თან, ნატოსთან და ევროკავშირთან ჩვენი სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და მათთან ერთად, ჩვეული ძალისხმევით, გავაგრძელებთ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ არ დავჯერდებით მიღწეულ პროგრესს და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ძალების წვრთნასა და მოდერნიზაციას, რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ სამშობლოს დაცვა და მტკიცედ გავაგრძელოთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ. მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე თითოეულ თქვენგანს, სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს. მეამაყება თქვენთან გატარებული ყოველი დღე. დიდი მადლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password