ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: ნატოსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა სულ უფრო ძლიერდება და ეს აისახა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ნატოს შტაბბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან ძალიან მოკლე დროში განხორციელდა

ჩვენ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს ნატოსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას, – ამის შესახებ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო ძალების ფელდმარშალმა, სტიუარტ ფიჩმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა უფრო და უფრო ძლიერდება და ეს აისახა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ნატოს შტაბბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან ძალიან მოკლე დროში განხორციელდა.

„საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრირება კვლავ რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უდიდეს ამოცანად და ალიანსმა საქართველოს კიდევ 3 წლით გაუგრძელა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ის არის ურთიერთსასარგებლო“, – აღნიშნა სტიუარტ ფიჩმა.