ლევან იოსელიანი – საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მთავარი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა, არის ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა, არის ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებულ ვარიანტში საუბარია სამ მოადგილეზე, რაც იოსელიანის შეფასებით „აბსოლუტურად ზედმეტია“.

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს გაგრძელდება შეხვედრა. დარჩენილია რამდენიმე საკითხი. ყველაზე მთავარი საკითხი, რაზეც გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა ეს არის მოადგილის საკითხი, სადაც წერია – მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური კვოტით და ეს ნამდვილად ასე იქნება. უბრალოდ შემოთავაზებულ ვარიანტში არის სამი მოადგილე, რომელიც აბსოლუტურად ზედმეტია და სამი მოადგილის აუცილებლობა არ არის. ეს არის საკითხი, რაზეც მოგვიწევს მსჯელობა და რაზეც მგონია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. უფრო მნიშვნელოვანია, ამ მოადგილეს რა ფუნქცია ექნება, ვიდრე რამდენი იქნება, რადგან თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მოადგილე ასრულებს მოვალეობას. ეს ფუნქციები იქნება შეთანხმების საგანი ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.