გურამ მაჭარაშვილი – მელიას შემდგომ სააკაშვილმა ახლა თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩააგდო ცაიტნოტში, მის დღის წესრიგშია ერთადერთი საკითხი, შესვლა-არშესვლა, საკითხავი აი, ეს არის

„ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება ახლა ცაიტნოტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიევიდან კონკრეტული შეთანხმების გარეშე დაბრუნდა.

„როგორც ნახეთ, ნიკა მელია ჩამოვიდა კიევიდან უპასუხოდ, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, რაც ახალი თავის ტკივილი გაჩნდა „ნაცმოძრაობაში“. საერთოდ, ზოგადად მინდა, ვთქვა, რომ თუ კი „ნაცმოძრაობაზე“ ჩვენ საერთოდ ვსაუბრობთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მედია სვამს კითხვებს. ეს იმ ხალხისთვის, ვისაც ჰგონია, რომ ახლა ჩვენ დაინტერესებულები ვართ, 24 საათის განმავლობაში რას აკეთებს „ნაცმოძრაობა“. ნამდვილად არ არის არც ჩვენი, არც საერთაშორისო პარტნიორების და არც საქართველოს საზოგადოების ინტერესი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება. უბრალოდ, როცა მედია კითხვას სვამს, ბუნებრივია, რომ პასუხი უნდა გასცე და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის ჩვენი კომენტარები. „ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება ახლა ცაიტნოტში, მელიას შემდგომ სააკაშვილმა ახლა თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩააგდო ცაიტნოტში და მის დღის წესრიგში დღეს არის ერთადერთი საკითხი, შესვლა-არშესვლა, საკითხავი აი, ეს არის. მათი გადასაწყვეტია უკვე, შევიდნენ თუ არ შევიდნენ პარლამენტში, გაყოფილია ხმები. გამომდინარე აქედან, შემოვლენ – დაზარალდებიან, რადგან დაფიცებიდან დაგინებამდე ამბობდნენ, რომ არ შევალთ პარლამენტში, თუკი არ ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნებიო. თუ არ შემოვლენ, დაადგებიან იმ გზას, რასაც დაადგა „ევროპული საქართველო“, რომელიც თან არის პარლამენტში და თან არ არის პარლამენტში, მათი სიით წარდგენილები არიან პარლამენტში, ისინი ამბობენ, რომ არ ვართ პარლამენტში, ასეთი პოლიტიკურ გაუგებრობაში არიან ერთი და მეორე პოლიტიკური მხარეც, რაც ჯამში არ არის კარგი, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.