კახა კუჭავა: საკანონმდებლო დონეზე უნდა შემუშავდეს კონცეფცია, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით

საკანონმდებლო დონეზე უნდა შემუშავდეს კონცეფცია, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ულტიმატუმების ენით საუბარი სწორი არ არის. ეს საქმეს ნამდვილად არ წაადგება. არ ვიცი, ამ პროცესში კონკრეტულად ვინ არის ჩართული და რამდენად არის კომუნიკაცია. ფაქტი ერთია, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სანამ ბრიუსელში გავფრინდებოდი, ჯერ კიდევ მაშინ მქონდა საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და საბოლოოდ, საკანონმდებლო დონეზე შემუშავდეს ის კონცეფცია, დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელდება“, – განაცხადა კუჭავამ.