ნათია თურნავა: მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების სამი თეორიული, პოტენციური წყარო არსებობს

მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი და ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ძალა სრულიად უპასუხისმგებლოა. მზადაა, ნებისმიერი პროტესტი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს და ამ დროს ქვეყნის ინტერესები ზარალდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების სამი თეორიული, პოტენციური წყარო არსებობს. ერთი ეს არის ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები, რომლებზეც ის გვირჩევს, უარი ვთქვათ; მეორე ეს არის ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთიდან; მესამე ეს არის გააზის იმპორტი.

ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ახლა უკრაინაში მოღვაწეობს, ქვეყანაში, რომელმაც საკმაოდ მძიმედ იწვნია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას“, – განაცხადა თურნავამ.