მიხეილ სააკაშვილი – არ მიმაჩნია, რომ ახლა ჰესები არის საქართველოს პრიორიტეტი

საქართველოს დღეს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს და ჰესები ნამდვილად აღარ არის მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოტივაცია აბსოლუტურად სწორია.

„ჯერ ერთი, ამ ბიჭების უმრავლესობა მესიმპათიურება, უბრალოდ, ადამიანურად. მიმაჩნია, რომ მათი უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. ახლა თქვენ ელაპარაკებით ადამიანს და თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო იყო ბოლომდე ჩაბნელებული. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც მაგას მეტყვის, რომ როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება და ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა, საქართველო დღემდე ყოფილიყო შევარდნაძის ჭაობში, სიბნელეში და გამქრალი ყოფილიყო მსოფლიო რუკიდან. ეს არის სიბრიყვე და მეტი არაფერი.

მეორე არის საკითხი, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ იმის ფონზე, როდესაც მე ავიყვანე ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან, ჩემს დროს იყო თითქმის 7 მილიონი იყო და მერე 8 მილიონსაც გამოჰკრა ხელი, ინერციით. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე როდესმე მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული, უმნიშვნელოვანესი მდინარე და ულამაზესი მდინარე, შეგვეყვანა მილში. მე, მიხეილ სააკაშვილს რომ მიმეღო როდესმე ასეთი გადაწყვეტილება. მოვლილი მაქვს საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული. ნამყოფი ვარ ყველა სოფელში, ვცდილობდი, ყველგან რაღაც სილამაზე გვეპოვა. მაგალითად, მარტვილში, კანიონში ჰესი დავაცლევინე, რადგან მიმაჩნდა, რომ თვითონ კანიონი ბევრად მეტის მომტანი იყო, ვიდრე მცირე ჰესი, რომელიც იქ იყო და 300 ათასი ტურისტი ჩადიოდა კოვიდამდე.

ამიტომ, ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია, რომ მდინარე რიონი გავაქროთ და წარმოუდგენელია, რომ ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს. ქუთაისში, რომელშიც პარლამენტი ავაშენეთ, ცენტრი გავაკეთეთ. რომ წარმოვიდგინოთ, აგვეშენებინა რაღაც ისეთი კაშხალი, რომელშიც ამხელა შრომა, გული და სული ჩავდეთ, ის ქალაქი წაიღოს წყალმა. ეს როგორ წარმოგიდგენიათ.

იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა ჰესები. მე არ მიმაჩნია, რომ ახლა ჰესები არის საქართველოს პრიორიტეტი. მიმაჩნია, რომ დიდი მიამიტობაა, რბილად რომ ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ ივანიშვილი არაფერ შუაში არაა, არაფერი არ ხდება საქართველოში, ბიზნესში მის გარეშე. ერთი ჩიტი ვერ გადაიფრენს ბიზნესში, საიდანაც ივანიშვილი არ იღებს თავის წილს. ეს იცის ყველამ, ვისაც ჰქონია საქართველოში ბიზნესთან შეხება. ყველა ჰესში, რომელიც სჭირდება საქართველოს, ჩადებულია ივანიშვილის 25 პროცენტი. ამიტომ, საქართველოს დღეს აქვს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები და ჰესები ნამდვილად აღარ არის მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.